ეკონომიკა

ნანჩანგში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

28.07.16 21:30


„სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა, რომელიც ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ხელმოწერის ცერემონია შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟის შენობაში ჩატარდა. შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების მოტანის თვალსაზრისით.

მემორანდუმზე ხელმოწერა შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის და „Xinhua Net“-ის (შინჰუა ნეტი) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „ქართული ღვინის ზაფხული.“

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით. „ჩვენ ვაფასებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევას ამ მიმართულებით. უკანასკნელ წლებში განხორციელდა მთელი რიგი ვიზიტები მაღალ დონეზე, წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას საქართველოსა და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში გამართულ საერთაშორისო დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ასახულია ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ კომპანიებსა და ბიზნესპროექტებს, რომელთა მეშვეობით ხელი შეეწყობა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მეორე მემორანდუმიც, რომელიც ითვალისწინებს შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ცენტრში ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას. ცენტრში საქართველოსთვის გამოიყოფა 200 კვადრატულ მეტრამდე ფართი, რომელიც სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსაკარგავად გადაეცემა. ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია და ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო მასალა. აქ უკვე წარმოდგენილია ოცამდე ქვეყნის ღვინის ეროვნული პავილიონი. მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა მოაწერა.

ღონისძიების ბოლოს „დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო მედიაპორტალ „სინჰუა ნეტს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ იქნება პირველი, რომლის პროდუქციაც ოფიციალურად ჩაეშვება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” ქსელში. პირველ ეტაპზე ხელი ეწერება 300 000 ბოთლი ღვინის ექსპორტს საქართველოდან ჩინეთში.

ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ. ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლი და სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს.

ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა.

ნანჩანგში ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი და ღვინის სავანე „ჯუნგე“ ძიანგსის „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით, საქართველოს სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს.

“მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გაგაცნოთ საქართველოს ყველაზე გამოცდილი ელჩი, ყველაზე კარგი მომლაპარაკებელი და ელჩებს შორის უხუცესი – ქართული ღვინო. ნანჩანგში გაიხსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მუშაობა დაიწყო ჩვენმა 8000 წლის ელჩმა – ქართულმა ღვინომ. ის აუცილებლად იქნება წარმატებული თავის დიპლომატიურ საქმიანობაში” – ასე მიმართა სინძიანის პროვინციაში, ნანჩანგში, ქართულის ღვინის სახლის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით.

მისი თქმით, საქართველო მზადაა, გააფართოვოს ქვეყნის მონაწილეობა „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყლის პროექტის ფარგლებში და ხელი შეუწყოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალმხრივი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით.

ორი ქვეყნის მთავრობათა შორის თანამშრომლობის ფორმატი, მათ შორის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ნანჩანგის ქართული ღვინის სახლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს, მუზეუმს, ენოთეკას და ქართულ რესტორანს.

ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანის გახსნის ცერემონიაზე მოსულ სტუმრების შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ასევე გაცნობოდნენ ქართულ ფოლკლორს – ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ჩინეთში.

2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.
ნანჩანგში გამართულ ღონისძიებას, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის მთავრობების მაღალი თანამდებობის პირები. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ქართული დელეგაციის გარდა, დაესწრო 200-ზე მეტი ადგილობრივი სტუმარი.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1846


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები