პოლიტიკა

მაია ბითაძე: თბილისის მერია ავტობუსების შემოყვანის დაგვიანებისთვის პასუხისმგებელ კომპანიას დააჯარიმებს

10.07.19 15:30


თბილისის მერია კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ შეძენილი ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო დააჯარიმებს. საუბარია თბილისის მერიის მიერ შეძენილ 90 ავტობუსზე, რომელთაგან 40 მათგანის შემოყვანა 2 თვით დაგვიანდა. კომპანიას ყოველ გადაცილებულ თვეზე ჯარიმა დაეკისრება. ​​

​თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილ ვადებში კომპანიამ ვერ უზრუნველყო ავტობუსების შემოყვანა, საბოლოოდ, სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება.

„ნებისმიერ გადაცილებულ თვეზე კომპანია, ბუნებრივია, ჯარიმდება, თუმცა აუცილებლად მოწოდებული იქნება ყველა ავტობუსი, რომელიც შეკვეთილია.

თქვენ იცით, რომ ავტობუსებთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს. ეს არის პირველი პარტიის მეორე ნაკადი, რომელსაც ვიღებთ. მომდევნო თვეებში გამოცხადდება ტენდერი, მათ შორის – ელექტროავტობუსების შეძენაზე და ჩვენ ავტობუსები ჩანაცვლების მთლიან პროგრამას დავასრულებთ 2021 წელს.

როდესაც მთლიანი ინფრასტრუქტურა ავტობუსების ცალკე სავალი ზოლის მოწყობისა და სატრანსპორტო სქემის შეცვლასთან დაკავშირებით იქნება დასრულებული, გვექნება, პრაქტიკულად, მთლიანად განახლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. თბილისს 2 წელიწადში ექნება 1000-მდე ავტობუსი. შეძენილი იქნება 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ჯერ არ შეგვიკვეთავს.

შეიძლება, იყოს დაყოვნება კომპანიის მხრიდან როგორც მოწოდების, ისე – დამზადების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება ავტობუსების შეკვეთა. გარწმუნებთ, რომ, სამწუხაროდ, გვიწევს დაჯარიმება მომწოდებელი კომპანიისა, მაგრამ, საბოლოოდ, სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისათვის, თბილისი მერიამ კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ 45 მლ ხელშეკრულება 2018 აგვიტოში გააფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიას 90 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 9 თვის განმავლობაში უნდა შემოეყვანა.

ავტობუსების პირველი ნაკადი დედაქალაქში 2019 წლის მაისში შემოვიდა და დარჩენილი 40 ავტობუსი დედაქალაქში ივნისის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები