პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს

11.07.19 10:15


ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„შს მინისტრს თავისი პოზიცია და დამოკიდებულება ძალიან მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული. ეს დამოკიდებულება არის შემდეგი – 20 ივნისის ძალიან მძიმე ღამეს, როდესაც პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე შტურმი იყო, როდესაც 80 პოლიციელი დაშავდა, 30 პოლიციელი რიგებიდან გამოათრიეს და ისინი ხალხის მასაში დაზიანებული, ნაცემი აღმოჩდნენ, გარდაუვალი გახდა ძალის გამოყენება და ამას მოჰყვა სხვადასხვა მძიმე შედეგები. ბუნებრივია, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ვიზრუნოთ იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვინც დაზიანება მიიღო, როგორც პოლიციელებზე, ისე მოქალაქეებზე. შემდეგ უკვე, გამოძიების შედეგების მიხედვით, იმის მიხედვით, პრობლემა სისტემური აღმოჩნდება თუ ინდივიდუალური, მინისტრი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, განმუხტავს თუ არა შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებას თუნდაც, შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ 20 ივნისის ღამეს იყო სამართალდამცველების მიმართ მასობრივი ძალადობრივი აქტები და საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის მიტანა, რამაც ძალის გამოყენება გარდაუვალი და აუცილებელი გახადა.

„ამიტომ, საჭიროა გამოძიება იმ შემთხვევების, შტურმის ფაქტის და მასში მონაწილე პირების მიმართ ბრალის წაყენება; ასევე საჭიროა, ინდივიდუალურ შემთხვევებში, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტების გამოძიება. საგამოძიებო ორგანოები ორივეზე მუშაობენ და ვფიქრობ, საზოგადოება მალე ნახავს შედეგებს, ორივე მიმართულებით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, უნდა ვიცოდეთ, რომ პარლამენტზე და სამართალდამცველებზე შტურმის მიტანა არის ქმედება, რომელიც წარსულში უნდა დავტოვოთ.

„ასეთი რაღაცები ქვეყანას მხოლოდ ანგრევს და ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აყენებს. არ შეიძლება, ეს ვიმეოროთ და ჩვენთან ასეთი რაღაცები ხდებოდეს. შესაბამისად, ამაზე რეაგირება აუცილებელია. მეორე მხრივ, საზოგადოება იმასაც უნდა ხედავდეს, რომ თუ პოლიციელი თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და ძალას ამეტებს, ასეთ შემთხვევაშიც დგება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, როცა ეს პროცესები მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ქვეყანამ მძიმე და საკმაოდ კრიზისული შედეგები მიიღო და ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ პროცესი სტაბილურობისკენ წავიდეს.

„ამის პასუხისმგებლობა ზოგს გააჩნია, ზოგს კი არა. ჩვენს ოპონენტებს ამის პასუხისმგებლობა ნამდვილად არ გააჩნიათ. პირიქით, როგორც ჩანს, ქვეყანაში რაც უფრო არეულობა-დაძაბულობა იქნება, უფრო გაუხარდებათ.

რაღაც, ასეთი განცდა მაქვს და ვფიქრობ, ამას საზოგადოებაც ძალიან ნათლად ხედავს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები