პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - ყველა კარზე უნდა დავაკაკუნოთ და ყველა კარი უნდა გაიხსნას ჩვენს წინაშე

11.07.19 11:00


სრულიად ნათელია, რომ ევროპის საზოგადოებრივი აზრი მიმართულია ძირითადად შიდა მოწყობის გაუმჯობესებაზე და არ ფიქრობს დღეისთვის ევროკავშირი ახალი წევრების მიღებაზე, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მამაცები, ამბიციურები დავრჩეთ და ეს ტემპი შევინარჩუნოთ, როდესაც ვლაპარაკობთ პარტნიორობის ახალი კურსის გაგრძელებასა და გაძლიერებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჩვენი ლოზუნგია „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“.

„ჩვენ გავხდით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი, მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ამით ყველაზე უფრო მჭიდრო კავშირებს მივაღწიეთ ევროპასთან როგორც ეკონომიკაში, ასევე ინტეგრაციის კუთხით. ჩვენი ეკონომიკური კავშირები გაიზარდა და კიდევ გაიზრდება. თავად ფაქტი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის, იგივე ახალი კონსტიტუციის დამტკიცება, ფაქტობრივად, ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს იმას, რომ ერთი ადამიანის მმართველობას ბოლო მოეღოს ჩვენს ქვეყანაში. მედიაპლურალიზმი, კანონის უზენაესობის გაძლიერება, ბიზნესის მხარდაჭერა - ეს გახლავთ ჩვენი ძალისხმევის ძირითადი ასპექტები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ აღვასრულოთ საქართველოს მოსახლეობის ნება და გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა პარტნიორებთან. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ გზაზე, რომელზეც შევდექით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპასაც გააჩნია თავისი წინააღმდეგობები.

„იგივე ბრექსითის პრობლემები, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას.

ფაქტიურად, ევროპასაც სჭირდება საკუთარი თავის რეფორმირება.

სრულიად ნათელია, რომ ევროპის საზოგადოებრივი აზრი მიმართულია ძირითადად შიდა მოწყობის გაუმჯობესებაზე და არ ფიქრობს დღეისთვის ევროკავშირი ახალი წევრების მიღებაზე, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მამაცები, ამბიციურები დავრჩეთ და ეს ტემპი შევინარჩუნოთ, როდესაც ვლაპარაკობთ პარტნიორობის ახალი კურსის გაგრძელებასა და გაძლიერებაზე. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ შევდივართ პარტნიორობის ახალ ფაზაში, ვერ გავჩერდებით და ტემპსაც ვერ შევანელებთ. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ მიმდინარე პარტნიორობა და რაც შეიძლება ახლო ურთიერთობებზე გადავიდეთ. ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს სრულ მონაწილეობას საქართველოსი ევროპოლიტიკაში, უფრო მეტ ჩართულობას ევროეკონომიკაში. უფრო მეტი ევროპული დემოკრატია უნდა დავამყაროთ საქართველოში. უნდა გამოვიყენოთ ყველა ახალი შესაძლებლობა, უნდა დავაკაკუნოთ ყველა კარზე და ყველა კარი უნდა გაიხსნას ჩვენს წინაშე. ამის შედეგად ჩვენ უცებ აღმოვაჩენთ, რომ საქართველო მზად არის წევრობისათვის. ჩვენი ლოზუნგია „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“. ამ მხრივ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მეტად იყოს ევროპოლიტიკაში, რათა დავანახოთ ჩვენს მოსახლეობას ამ ურთიერთობის ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები