პოლიტიკა

საქართველოში ნატოს ქვეყნების მონაწილეობით მეტი როტაციული წვრთნა ჩავატარდება

12.07.19 11:15


ლევან იზორიას განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა.

ამის შესახბე მინისტრმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და ახლო მომავალში განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავასრულეთ ამბიციური რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩარჩო ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული და ახლა შემდეგი სამწლიანი თანამშრომლობის ციკლისთვის ვემზადებით, რაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს გაზრდის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახლა ტერიტორიული თავდაცვისთვის ვემზადებით, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებასა და შესაბამისად, პროვოკაციების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

"სწორედ ამ მიზნით, სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დავიწყეთ, რომელიც თავდაცვითი ამოცანებისთვის ბატალიონების მომზადებასა და მათი ნატოს სტანდარტებით აღჭურვას ითვალისწინებს. ჩვენ გვინდა შევქმნათ მყარი ფუნდამენტი, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის. შეერთებული შტატები საქართველოსთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ თანამშრომლობა აშშ-სთან", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიამ აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, გერმანიისა და საფრანგეთის მხარდამხარ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა კიდევ ერთხელ გაიხსენა და მისი მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სწავლებების გაზრდილი მასშტაბის მნიშვნელობაზე, რომელიც შეკავების პოლიტიკის ნაწილია.

„ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი როტაციული წვრთნა ჩავატაროთ საქართველოში ნატოს სხვა ქვეყნების მონაწილეობით, რაც ნიშნავს, რომ მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი საქართველოში უკავშირდება მეტ უსაფრთხოებას",-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები