საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ პარკებში ორდღიანი მედიატური გაიმართა

15.07.19 14:00


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ პარკებში ორდღიანი მედიატური გაიმართა. ტურის ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა ნავენახევის მღვიმე, ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი და მტირალას ეროვნული პარკი დაათვალიერეს.

 

აღსანიშნავია, რომ ნავენახევის მღვიმე აქტიურ ტურისტულ სეზონზე წელს პირველ ვიზიტორებს იღებს. მღვიმეში თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა გასულ წელს მოეწყო. შედეგად, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მღვიმეში დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა და მოეწყო ეკო-ტურისტული ბილიკი. ამასთან, ადგილზე გამოყოფილია საგანმანათლებლო და საბავშვო გასართობი სივრცე, ასევე ამფითეატრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია.

 

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა.

 

რაც შეეხება ოკაცეს ჩანჩქერს, ის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს და ვიზიტორებისთვის 2019 წლის მაისში გაიხსნა. ოკაცეს ჩანჩქერი ქვეყნის დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია. იგი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადია. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მეტრამდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ, 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მეტრი სიმაღლის საფეხური. ადგილზე უახლოეს მომავალში დაგეგმილია კაფეს და ზიპლაინის გახსნა.

 

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და ძირითადად წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მტირალას ეროვნულ პარკში თოკების პარკი მოეწყო. „თოკების პარკი“ ეკო–საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს წარმოადგენს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

 

წყარო: ინტერპრესსნიუსი/ IPN

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები