საზოგადოება

თბილისის მერია ახალგაზრდული ბანაკების და ლაშქრობების მოწყობას წელსაც გეგმავს

16.07.19 12:25


თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა.


როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.


„ჩვენ წელსაც ტრადიციულად ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი წესით ცხოვრება. შესაბამისად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით. წელს დაგეგმილი გვაქვს, მოვაწყოთ ბანაკები და ლაშქრობები, ბანაკები – ბაზალეთში, ხოლო ლაშქრობები თბილისის გარშემო.


ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. რაც შეეხება ლაშქრობებს, მათი ხანგრძლივობა იქნება ორი დღე. ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორთა მომსახურებით და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის მერმა.


ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეთა რეგისტრაცია 20 ივლისს, მერიის ვებგვერდზე დაიწყება და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

 

წყარო: kvira.ge

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები