საზოგადოება

ტურიზმის ადმინისტრაცია - 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს

16.07.19 17:20


2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს, – აღნიშნული განცხადებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

 

უწყება აცხადებს, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ბაზარზე არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს.

 

„2013-2019 წლების პერიოდს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის სწორი პოზიციონირებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ბაზარზე ჯამში 70,707,893 ლარზე მეტი დახარჯა. რუსეთის ბაზარზე კი, 13 მილიონი ლარი, რაც ჯამური დანახარჯის მხოლოდ 18.6 პროცენტს შეადგენს. ამასთანავე შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მარკეტინგული დანახარჯები გაიწეოდა შემდეგ მიმართულებებზე: ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, ჩინეთი და იაპონია, ხოლო რუსეთში არ დაიხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები შემდეგი მიზეზიდან გამომდინარე – ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან ტურისტულმა ნაკადმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწია და ჯამურად ბოლო წლებში საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობამ რამდენიმე მილიონი შეადგინა. საქართველო არის ევროპული ქვეყანა, თავისუფალი ხალხით და ევროპული ფასეულობებით, ისტორიით, თანამედროვეობით და უსაფრთხო გარემოთი. ეს არის პოზიცია, რომელსაც ამკვიდრებდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

განცხადების თანახმად, როდესაც ქვეყნის სწორმა პოზიციონირებამ გამოიღო შედეგი, უწყებას რუსეთში აღარ უწარმოებია მარკეტინგული კამპანია.

 

„აქედან გამომდინარე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ჩვენი კერძო სექტორი აღარ საჭიროებდა ჩვენს დახმარებას აღნიშნულ ტურისტულ ბაზარზე და ჩვენგან დამოუკიდებლადაც განაგრძობდა წარმატებულ საქმიანობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე აქვს ნულოვანი დანახარჯი“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

 

კანდელაკმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2013-2018 წლებში, რუსეთში საქართველოს ტურიზმის რეკლამაზე 13 მლნ ლარი დაიხარჯა. „მაინტერესებს, 13 მილიონის დახარჯვას რა გამართლება აქვს ოკუპანტ სახელმწიფოში და ამ თანხას უნდა ვხარჯავდეთთუ არა რუსეთში ჩვენი დამოკიდებულების ზრდაზე”, – აღნიშნა კანდელაკმა.

 

წყარო: პირველი არხი/ 1tv.ge

 

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები