პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება განიხილა

18.07.19 10:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში სამუელ ბრაუნბეკთან შეხვედრა გამართა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ელჩმა დადებითი შეფასება მისცა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხებს შეეხება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რელიგიის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის საკითხებში საქართველოს მდიდარ ისტორიულ გამოცდილებას.

 

„საგანგებო დავალებათა ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და ისტორიული რელიგიური ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. მხარეების მიესალმნენ რელიგიის თავისუფლების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ მდგომარეობაზე, რაც წარმოადგენს კარგ მექანიზმს იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილი იყოს მოცემულ საკითხზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობს. დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მოწვევით მონაწილეობს რელიგიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ მინისტერიალში.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ İPN

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები