პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს უმასპინძლა

18.07.19 13:30


თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა.

 

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მონაწილეობას ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობას.

 

„საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ძალიან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა. მოხარული ვარ, რომ კვლავ ვესტუმრე საქართველოს და მას კვლავ შევხვდი. მინისტრს მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, რასაც საქართველო ნატოს მხარდაჭერის კუთხით აკეთებს, განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის, რაც საქართველოს ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მისიაში შეაქვს. მინისტრთან საუბარში, ასევე, აღვნიშნე ნატო-საქართველოს მაღალი დონის ერთობლივი სწავლება, რომელიც მართლაც წარმატებით ჩატარდა საქართველოში. თავდაცვის მინისტრთან იმ უდიდეს პროგრესზეც გვქონდა საუბარი, რაც ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში გამოიხატება. საუბარი გვქონდა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც, ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე, რომელიც საქართველოში წლის ბოლოს შედგება,“ - განაცხადა ჯონათან პერიშმა.

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი და ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი, გუსტავ ვრომენი დაესწრნენ.

 

წყარო; ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები