საზოგადოება

მარიამ ჯაში - გოგებაშვილის „დედა ენა“ აუცილებლად მოითხოვს თანამედროვეობასთან დაახლოებას

18.07.19 14:10


კომისიის ფორმატში მუშაობა უზრუნველყოფდა, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ მაქსიმალურად ყოფილიყო მოყვანილი თანამედროვეობასთან და მთავარი პედაგოგიური მეთოდი ყოფილიყო დაცული, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

მან ისაუბრა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების თაობაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობდა დილემა.

 

„საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომ ნებისმიერი სახელმძღვანელო ან საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც გამოიყენება განათლების სისტემაში, თუკი ის ეფუძნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, უნდა შემუშავდეს სამინისტროს ბაზაზე მოქმედი ექსპერტთა კომისიის მიერ. საკმაოდ სერიოზული დილემის წინაშე ვიდექით - 5-წლიანი გრიფირება ჰქონდა მინიჭებული სხვადასხვა ავტორის სახელმძღვანელოებს დაწყებითი კლასებისთვის, მეორე მხრივ, გვქონდა ვალდებულება, დაგვეცვა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ განათლების სამინისტრო დამატებით უზრუნველყოფს თითოეული პირველკლასელისთვის გოგებაშვილის „დედა ენის“ უფასოდ დაბეჭდვასა და მიწოდებას“ , - აღნიშნა ჯაშმა.

 

მანვე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ აუცილებლად მოითხოვს განათლებასა და თანამედროვეობასთან დაახლოებას.

 

„სწორედ ამიტომ, ცალკეული ავტორების მიერ ცვლილებების შეტანა რომ გამოვრიცხოთ, კომისია ნებისმიერი ცვლილების გადაწყვეტილებას შეჯერებულად იღებს. უკვე მზადაა ორიგინალური, გოგებაშვილის 1912 „დედა ენის“ ვერსია - არა საბჭოური, არამედ თავად გოგებაშვილის მიერ შექმნილი საბოლოო ვერსიის განახლებული, ადაპტირებული რედაქცია. კომისიის წევრების საგანგებო თხოვნაა, რომ საზოგადოება და პედაგოგები აქტიურად ჩაერთონ, თუკი თვლიან, რომ მომდევნო წლებში შეიძლება, დამატებითი ცვლილებები იქნას გათვალისწინებული. სწორედ კომისიის ფორმატში მუშაობა უზრუნველყოფდა, რომ მაქსიმალურად თანამედროვეობასთან ყოფილიყო მოყვანილი სახელმძღვანელო და რა თქმა უნდა, ის მთავარი, ყველაზე ღირებული პედაგოგიური მეთოდი, რომლითაც უნიკალურია გოგებაშვილსი „დედა ენა“, ყოფილიყო დაცული“, - განაცხადა ჯაშმა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები