საზოგადოება

მიხეილ ბატიაშვილი: საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება

18.07.19 15:40


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს პრემიერმინისტრმა – მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება.


​„საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ, ფაქტობრივად, დავასრულეთ ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც ჰქვია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ევროკავშირში. უკვე მესამე ორგანიზაციისგან მივიღეთ დასტური, რომ ჩვენ მიერ აკრედიტირებული ქართული პროგრამები ავტომატურად მოხდება ევროკავშირის ბაზებში. ყველა ის დიპლომი, რომელიც გაცემულია აკრედიტირებული პროგრამების ფარგლებში, უკვე ნიშნავს, რომ აღიარებულია ევროპაში. როგორც იყალთოში განვაცხადეთ, ჩვენი უმთავრესი სტრატეგიაა უმაღლესი და მეცნიერების მიმართულებით ევროპულ სივრცეებში ინტეგრაცია, რაც, ფაქტობრივად, დასრულებულია. შემოდგომიდან, ქართველი მეცნიერებისა და ორგანიზაციებისთვის ყველა კარი იქნება გახსნილი და მათ შეეძლებათ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციის წარდგენისას.


2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა (https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59). EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.


ცნობისათვის, EQAR-ი ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობასა და ნდობის ამაღლებას, ასევე, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.


ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები გამოქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციისა და ცნობადობის ამაღლებას. შესაბამისად, გაიზრდება უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ისწავლონ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა მიიღონ ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება.
ცენტრის ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს, ერთი მხრივ, წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორს, მეორე მხრივ კი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის “უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა” (Modernisation Agenda for Higher Education) და ბოლონიის პროცესთან. ამასთან, ცენტრის ENQA-სა და EQAR-ის წევრობა კიდევ უფრო ზრდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სანდოობას, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.


მომდევნო წლებში ცენტრი აქტიურად იმუშავებს ENQA-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც ENQA-სა და EQAR-ის წევრობასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებას.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები