საზოგადოება

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით, ტურისტული ავტობუსების მოძრაობა დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით დასჯადი ხდება

23.07.19 12:00


თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობა დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის: - კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით - ჯარიმა 100 ლარი.

 

სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად ან დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით - ჯარიმა 100 ლარი.

 

“დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გახშირებულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები), ისე განსაკუთრებით სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების მოძრაობა. აუცილებელია ამ ავტობუსების გადაადგილების მოწესრიგება, რაც დედაქალაქში როგორც საგზაო მოძრაობის განტვირთვას, ისე ავტობუსებით მგზავრთა უსაფრთხო მომსახურების დონის ამაღლებას გამოიწვევს“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

 

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა ზაზა გაბუნიამ და გოგა გულორდავამ მოამზადეს.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები