პოლიტიკა

ფრეიზერ კემერონი - ევროპის ეკონომიკური ზონის წევრობა შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კანონიერ სწრაფვაში სასარგებლო ტრამპლინი იყოს

23.07.19 15:00


ევროპის ეკონომიკური ზონის წევრობა შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მის კანონიერ სწრაფვაში სასარგებლო ტრამპლინი იყოს, – ასეთ მოსაზრებას აყენებს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ევროკავშირ-აზიის ცენტრის დირექტორი ფრეიზერ კემერონი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა.

 

ფრეიზერ კემერონი​ს წერილი ვებპორტალი „ევროაქტივზე“ გამოქვეყნდა.

 

„გასულ კვირას ბათუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე დონალდ ტუსკის მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ საქართველო უდავოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის კლასში საუკეთესო მოსწავლეა. ტუსკმა ასევე ვლადიმერ პუტინისადმი გზავნილად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არ ყოფილა მე-20 საუკუნის უდიდესი ტრაგედია. ამას მოჰყვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, რომელიც იყო „პატარა ქვეყანა, თუმცა დიდი ერი“, – წერს ფრეიზერ კემერონი პუბლიკაციაში.

 

წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ დონალდ ტუსკი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ ევროპელ ლიდერს შორის, რომლებიც ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოს ესტუმრნენ, რათა საუკეთესო მოსწავლე მოენახულებინათ. მათ შორის ასევე იყვნენ ჟან-კლოდ იუნკერი, ანგელა მერკელი და ურსულა ფონ დერ ლაიენიც კი. „ევროკომისიის სათავეში ურსულას არჩევით საქართველოს კვლავ ეყოლება ახლო მეგობარი ევროპული პოლიტიკის სათავეებში“, – წერს ფრეიზერ კემერონი.

 

როგორც ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი იხსენებს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, ჩართოს თავისი საუკეთესო მოსწავლე რაც შეიძლება მეტ ევროპულ პროგრამაში. კემერონის თქმით, ამგვარად საქართველო ევროკავშირის ვირტუალური წევრი ხდება.


„საქართველოსთვის წინსვლის ერთი პოტენციური გზა ევროპული ეკონომიკური ზონისკენ სწრაფვაა როგორც ტრამპლინისკენ ევროკავშირის წევრობისთვის. ეს იყო საკითხი, რომელიც ბათუმში რამდენიმე სპიკერმა წამოსწია“, – წერს კემერონი.

 

სტატიის ავტორი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესზე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სარგებელზე წერს. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ხდება პოპულარული ტურისტული მიმართულება ევროპელებისთვის თავისი ისტორიული მონუმენტების, მთების, სანაპიროებისა და თბილისის ტრენდული ღამის ცხოვრების მიქსით. ფრეიზერ ქემერონი ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით რეიტინგების სათავეებთან არის.

 

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ საქართველო განუწყვეტლივ პროგრესს აღწევს, ის ვერ გაექცევა თავის გეოგრაფიასა და ისტორიას. „რუსეთი ჯერ კიდევ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის გაგრძელებით“, – აღნიშნავს კემერონი. ავტორი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის საკითხსაც ეხება.

 

წერილის ავტორი საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს.

 

„მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების ფონზე, მმართველი „ქართული ოცნების“ კოალიცია ნერვიულობას იწყებს. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არამყარი დასაწყისის შემდეგ ფეხზე დგება ისევე, როგორც მისი მინისტრების გუნდი. ეკონომიკა საკმაოდ კარგად ართმევს თავს ზრდას, რომელიც მიმდინარე წელს ექვს პროცენტამდეა ნავარაუდები. თუმცა, წარუმატებლობამ ტურიზმში შესაძლოა, ამომრჩეველთა უკმაყოფილება გამოიწვიოს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი ცხოვრების დონე თანდათან მათი ევროპელი პარტნიორების დონეს მიუახლოვდება. ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო სწრაფი იქნებოდა, ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. ის ამჟამად ფოკუსირებულია მთავრობის კრიტიკაზე მართლმადიდებლური კონფერენციის დროს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატისთვის რუსულად საუბრის ნებართვის გამო“, – წერს ფრეიზერ კემერონი.

 

მისი თქმით, საერთო ჯამში საქართველო ემსგავსება ნორმალურ დემოკრატიას.

 

„იმართება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, ცოცხალი მედია და პარტიის შიდა დაპირისპირებები. საარჩევნო სისტემის ცვლილებებმა შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში დაძაბული რბოლა გამოიწვიოს. თუმცა, საქართველომ უკვე გაიარა ხელისუფლების ორი დემოკრატიული ცვლა და შეუძლია, თავდაჯერებულად იყუროს მომავალში“, – წერს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ევროკავშირ-აზიის ცენტრის დირექტორი ფრეიზერ კემერონი.

 

 

წყარო: 1TV

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები