საზოგადოება

სტუდენტური პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“ გაიხსნა

24.07.19 12:00


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ საზეიმო გახსნა გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან.

 

როგორც „ინტრეპრენიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ გახსნაზე შეკრებილ სტუდენტებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებს და მოწვეულ სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა სიტყვით მიმართა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობებზე მცირე ბიზნესისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის მიმდინარე ინიციატივების ფარგლებში.

 

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადდებიან და გაიგზავნებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, ან ეროვნული მოდელების შესამუშავებლად.

 

„პილოტირებისთვის, წარმოდგენილი პროექტები პროგრამის ფარგლებშივე დაფინანსდება და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება“, - განაცხადა CENN-ის დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.

 

სამინისტროს ცნობით, მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად და „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მხარდასაჭერად, CENN-თან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და უნივერსიტეტებმა მრავალმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

„პროგრამა ინიცირებულია პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები