ეკონომიკა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 6 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,9% შეადგინა

29.07.16 19:05


წინასწარი შეფასებით, 2016 წლის პირველი 6 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,9% შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,9 პროცენტი, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,9 პროცენტი შეადგინა.

”2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.

შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები