პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს

16.05.16 20:45


სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შეკითხვები აქვს რამდენად იყო აუცილებელი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებების მიღება. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები, თუ რამდენად იყო აუცილებელი ამ ცვლილებების მიღება. ასევე ვსაუბრობ, რომ ეს პროცესი პროცედურული დარღვევებით წარიმართა და ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა პროცედურულ დარღვევებს გულისხმობდა, სახალხო დამცველმა მაგალითად ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა დაასახელა.

„დარღვეული იყო ასევე ის პროცედურებიც, რომელიც არის გაწერილი მსგავსი საკითხების განხილვისას, ასევე დარღვევა იყო, როცა გარკვეული საკითხები გაჩნდა კანონპროექტში, რაც მანამდე არ იყო, არის საკითხები, რაც იწვევს კითხვის ნიშნებს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

14 მაისს, პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ.
სიახლეა ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები