პოლიტიკა

ცვლილებები საარჩევნო სისტემაში: რა მოსწონს და რა არ მოსწონს ოპოზიციას

07.08.19 11:00


მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილმა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტმა ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიები გამოიწვია.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

მმართველმა პარტიამ უკვე შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც, ოპოზიციის მოთხოვნით, შერეული საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას გულისხმობს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის ახალი ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად იქნება მიღებული.

მმართველმა პარტიის წინადადებით, უნდა შემცირდეს ხელმოწერების რაოდენობა, რომელიც პარტიებს ცესკო-ში რეგისტრაციისთვის ესაჭიროება, ასევე უნდა შეიცვალოს პარტიების დაფინანსების სისტემა.

ცვლილებების თანახმად, ყველა პარტიას უნდა მიეცეს რეკლამისთვის საეთერო დროის ერთი და იგივე რაოდენობა. ასევე ყველა პარტია დებატებში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.

ამასთან, საარჩევნო კოდექსში შეიძლება გაჩნდეს ნორმა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას კრძალავს.

ფინანსური შემადგენელი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარტიებისთვის ფინანსების განაწილების საკითხით კმაყოფილია.

თუმცაღა, როგორც პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, პარტიებისთვის მსგავსი ფინანსური დახმარება არც ისე კარგია.

მთავარი პრობლემა
ამჟამად პარტიის წარმომადგენლები განიხილავენ არა დაფინანსებისა თუ საეთერო დროის საკითხს, არამედ, როგორც აღმოჩნდა, მთავარ საკითხს - დასაშვებია თუ არა პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენა.

„ქართული ოცნება“ ყრილობისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ცენზურის შემოღებას ემსახურება.

„ეს კეთდება იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა. საკმაოდ პრობლემურია, რადგან სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული და ბუნდოვანია ჩანაწერი. როცა ჩანაწერს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლო გაავრცელებენ, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება სერიოზულად შეიზღუდოს და ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს. ეს ჩანაწერი ან უნდა გაუქმდეს, ან მკაფიოდ განიმარტოს, რა იგულისხმება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

ჩანაწერში საფრთხეს ხედავს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის მსგავსი ჩანაწერი პრობლემას არ წარმოადგენს.

„ვინც ქსენოფობიური რგოლების განთავსებას აპირებს ეთერში, მათ ინერვიულონ. ჩვენ ამაზე შიშები არ გვაქვს“, - განაცხადა კუკავამ.

მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი კობახიძე კი განმარტავს, რომ საუბარია არის არა კრიტიკის აკრძალვასა და ცენზურაზე, არამედ სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური გამონათქვამების აკრძალვაზე.

„ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში თუნდაც ხისტ გამონათქვამებს, თუნდაც, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. წარმოუდგენელია, ამის შეზღუდვა. ერთადერთი რაც შეიძლება შეიზღუდოს, სიძულვილის ენა და ქსენოფობიაა, ადამიანის კრიტიკა მისი ეთნიკური წარმომავლობით.

საუბარია მხოლოდ სააგიტაციო მასალის გაშვებაზე, საარჩევნო რგოლებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სიძულვილის ენის ქვეშ იგულისხმება მხოლოდ ის, რაც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით იკრძალება.

რატომ აპირებს შემოდგომიდან ბიძინა ივანიშვილი გააქტიურებას.

სანამ ამ თემაზე დავა არ წყდება, წარმოდგენილი ვარიანტით უკმაყოფილო „გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელშიც შედის 9 პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამზადებს შესწორებების საკუთარ ვარიანტს, რომელსაც აგვისტოს ბოლომდე წარმოადგენს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები