პოლიტიკა

საგარეო უწყება განმარტავს, რატომ გაჭიანურდა ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის გადმოსვენება

13.08.19 11:15


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურთან, დავით რაზმაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ გაგრძელდა მისი ცხედრის გადმოსვენების პროცესი, თითქმის, 2 თვის მანძილზე.

უწყების თანახმად, საკონსულო დეპარტამენტმა რაზმაძის გაუჩინარებაზე ინფორმაცია 15 იანვარს მიიღო, რის შემდეგაც პროცესში მყისიერად ჩაერთო. 19 იანვრის შემდეგ კი, როცა მეზღვაურის ცხედარი იპოვეს და საჭირო გახდა ექსპერტიზა, განცხადების მიხედვით, სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა მისი დროულად გადმოსვენების მიზნით.

“ამოქმედდა ყველა მექანიზმი, როგორც დიპლომატიური ასევე სამართლებრივი. მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე გარდაცვლილის ოჯახთან და გემთმფლობელ კომპანიასთან, რომლის წარმომადგენელიც ადგილზე მუშაობდა ლიბიელ სამართალდამცავებთან. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი ლიბიის ტერიტორიაზე მოხდა – საგამოძიებო მოქმედებები წარიმართა ადგილობრივი კანონმდებლობისა და საგამოძიებო სპეციფიკის შესაბამისად.

ლიბიის სამართალდამცავმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს გარდაცვლილის ცხედრის ადგილზე დეტალურად გამოკვლევა, ასევე რამოდენიმეჯერ გამოიკითხნენ ეკიპაჟის წევრები – მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.

აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ ლიბიის პროკურატურამ გასცა თანხმობა ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე, რის შემდეგაც ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში უზრუნველყო ცხედრის გადმოსვენებისათვის საჭირო პროცედურების (სამედიცინო, საორგანიზაციო ხასიათის, ტრანსპორტირება და ა.შ.) ჩატარება”, – აღნიშნავს უწყება.

სამინისტროს თქმით, ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარება სახელმწიფო უწყებების მუშაობასაც აფერხებს, რამაც პროცესში პრობლემები შექმნა.

მანამდე, დღეს, 12 აგვისტოს, “რუსთავი 2”-მა სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმადაც მეზღვაურის ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ამის გამო სიკვდილის მიზეზად დახრჩობა განისაზღვრა.

დაღუპული მეზღვაურის დედამ ტელეარხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აღნიშნული ვერსიის არ სჯერა და პროცესის გაჭიანურებას გაუსვა ხაზი.

„არის გაფუჭებამდე მისული გვამი იმის გამო, რომ ზუსტად ისე დამტკიცებულიყო, როგორც თვითონ უნდოდათ. ბავშვი გააჩერეს მთელი 2 თვე ლიბიაში და შემდეგ გადმოგვიგზავნეს უკვე ფუჭებად მდგომარეობაში.

სად იყო მთელი 2 კვირის მანძილზე ბავშვი, არ არსებობს ჩემი შვილი 2 კვირა წყალში, ან გამსკდარი, ან თევზებისგან ნაჭამი. ეს ბავშვი არის შემდეგ გადაგდებული ან უკვე ძებნა, რომ გამოცხადდა“, – განაცხადა მან.

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. არსებული ვერსიით, სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს, მისი გადმოსვენება კი საქართველოში მხოლოდ 7 მარტს მოხერხდა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები