პოლიტიკა

თინა ხიდაშელი შეიარაღებულ ძალებს - მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება

01.08.16 19:45


თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიმართავს. როგორც ხიდაშელი მიმართვაში განმარტავს, მიდის რწმენით, რომ მათი გზები ისევ გადაიკვეთება.

ამასთან, თავდაცვის უწყების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი თანამშრომლებს გასული ერთი წლის განმავლობაში საქმიანობისთვის მადლობას უხდის და ფიქრობს, რომ ერთი წლის თავზე თავდაცვის სამინისტრო „მცირედით მაინც უკეთესია“.

„მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი სურვილი მაქვს, თითოეულს ცალ-ცალკე შეგხვდეთ და დაგემშვიდობოთ, რეალურად, ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ყველას ამ ფორმით შეგეხმიანოთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ ერთი წლის განმავლობაში ერთად გავლილი გზისთვის, ყველა პროექტის და ღონისძიებისთვის, რომელიც ერთად განვახორციელეთ.

საკმაოდ მძიმე წელი იყო, პრობლემებით და წინააღმდეგობებით დატვირთული.

სწორედ, ასეთია ჩვენი ქვეყანაც - მშვენიერი, ძლიერი, საინტერესო, მაგრამ, პრობლემებით და წინააღმდეგობებით სავსე. იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია, ცოტა მეტად მაინც გაძლიერდა და განვითარების მეტი პერსპექტივა გაუჩნდა. წარმატებები მინდა გისურვოთ ყოველ თქვენგანს ცალ-ცალკე და თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ დიდ, ძლიერ ორგანიზმს, რომლის სიჯანსაღეზეც დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი!

მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. თუმცა, მინდა გჯეროდეთ, რომ სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი სახით ყოველ თქვენგანს და ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დიდი მეგობარი, გულშემატკივარი, ლობისტი და ერთგული მხარდამჭერი ეყოლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სამსახურისთვის და ამ სამსახურის ერთგულებისთვის!

ვემსახურები საქართველოს“, - აცხადებს თინა ხიდაშელი შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები