პოლიტიკა

რუსეთმა გაგრის რაიონის ტერიტორია მიიტაცა - სოფელი აიბღა როსრეესტრმა რუსეთის საკუთრებად დაარეგისტრირა

19.08.19 16:30


საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე სოფელი აიბღა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს და გაგრის რაიონს ეკუთვნის, როსრეესტრში დარეგისტრირდა როგორც რუსეთის ტერიტორია. სოფელი მდინარე ფსოუს ნაპირზეა გაშენებული.

2014 წელს, როცა სოჭში ოლიმპიადა ჩატარდა, რუსმა მესაზღვრეებმა სოფელში საგუშაგოები აღმართეს. ოლიმპიადის შემდეგ, სოჭის მერი არაერთხელ ესტუმრა სოფელს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებას დაპირდა. მაშინ, ე.წ. აფხაზეთის პარლამენტმა ამ საკითხზე უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღეს უკვე როსრეესტრში გატარებული რეგისტრაციით, აიბღა კრასნოდარის მხარეს, ქალაქ სოჭს ეკუთვნის.

ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ცხადად ადასტურებს, რომ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი თავადაც ვერ მართავს საკუთარ ტერიტორიას და უსიტყვოდ ჩუქნის ოკუპანტს საკუთარ ტერიტორიას.

ამასთან, ვრცელდება ხმები, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორიას რომელიმე რუსმა ოლიგარქმა დაადგა თვალი და მის დასაკუთრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ "საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი გადის შავი ზღვიდან, მდინარე ფსოუზე, მთა ახახჩამდე, ახახჩიდან მთა აგაპეტამდე, ყოფილი შავიზღვის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების ჩრდილოეთ საღვარზე, ზაქათალას ოლქამდე და ამ ოლქის აღმოსავლეთ საზღვარზე, სომხეთის საზღვრამდე". 1921 წელს საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ რუსეთის სსრ-სა და საქართველოს სსრ-ს საზღვარიც ამავე პტინციპით განისაზღვრებოდა, მხოლოდ 1929 წელს აიბღას მონაკვეთიც მდინარე ფსოუს მიხედვით გაატარეს, რამაც სოფელი ორად გაყო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები