პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი - საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიის და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესწრეების მოთვინიერების მცდელობა

22.08.19 16:20


საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიის და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესწრეების მოთვინიერების მცდელობა, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის ბოლო მაგალითია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საქმეზე პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის წაყენებული ბრალი.

მისი თქმით, აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება „ტვ პირველის" ფუნქციონირებას და იმ ბიზნესწრეების არსებობას ქვეყანაში, რომლებიც „ხელისუფლებას მორჩილებას არ უცხადებენ".

„დარწმუნებული ვარ, ამ ვითარებაში მორიგი შეფასებები, ანალიზი, მოთქმა-გოდება იმის თაობაზე, თუ რას და რატომ ჩადის ხელისუფლება, არის სრულიად არაადეკვატური და უშედეგო. შედეგიანი იქნება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თავისუფალი მედიის დასაცავად და სახელისუფლებო მორჩილებას არდაქვემდებარებული ბიზნესწრეების გასააქტიურებლად. ამ მიზნით მგონია, რომ ყველაზე უპრიანი ნაბიჯი იქნება შეიქმნას „ტვ პირველის" გადარჩენის სამოქალაქო ფონდი, რომელიც განაცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიას შეექმნება ფუნქციონირების პრობლემა, მისი მფლობელების, პარტნიორების, დამფინანსებლებლის წინააღმდეგ სახელისუფლებო ზეწოლის გამო, მოქალაქეები ავიღებთ ჩვენს თავზე ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს შევუნარჩუნოთ განსხვავებული, თავისუფალი სიტყვის საშუალება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს არის სამოქალაქო და არა პარტიული საქმე.

მისივე თქმით, ფონდი არ უნდა დაექვემდებაროს არანაირ საარჩევნო პოლიტიკურ, პერსონალურ თუ სხვა კონიუქტურებს.

„ბიზნესწრეებმა თავად ხარისხობრივი წვლილი უნდა შეიტანონ ამ ფონდის არსებობაში, რათა ხვალ და ზეგ მათ არ გაუჩნდეთ ის პრობლემები, რაც გარდაუვალია ხოლმე ავტორიტარული მმართველობის სტილზე გადასული ხელისუფლების პირობებში," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები