პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო გამოხმაურებებია

22.08.19 17:40


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს მკაფიო მხარდაჭერად აფასებს.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ საქართველოს ხელისულების მხრიდან ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ამოქმედებულია და ამ მექანიზმებს შორის, საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატიური ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო გამოხმაურებებია. ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმ დროს, როცა რუსეთი კვლავ განაგრძობს უკანონო ოკუპაციის გამოვლინებას - მახინჯი ბარიკადების მშენებლობას გუგუტიანთკარში. იგი ამით ახდენს დემონსტრირებას, რომ მისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, რაც სახლე არ არის. თუმცა, ჩვენთვის, დიპლომატიური ძალისხმევის არმოდუნება და ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმა გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რათა არა მხოლოდ ეს ეპიზოდი, არამედ ზოგადად ოკუპაციის პროცესი შევაჩეროთ.

„გზავნილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა, ძალიან მკაფიოა, შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ქართულ სოფლებში, ამჯერად გუგუტიანთკარში, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეაჩეროს და შეასრულოს სხვა ნაკისრი ვალდებულებებიც, რომლებიც მას საკუთარი ხელმოწერითვე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აქვს აღებული.

„საუბედუროდ, წლების განმავლობაში ღია ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და ყოველ დღე სხვადასხვა ტიპის პროვოკაციის ნიველირება გვიწევს. როგორც ჩანს, აგვისტო რუსეთისათვის ისეთი თვეა, როდესაც ფიქრობს, რომ საერთაშორისო ყურადღება მოდუნებულია. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის. ასევე, ვხედავთ, რომ არის უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. გამშვები პუნქტების დროებით ჩაკეტვა და ა.შ. რუსეთი ამოქმედებს ყველა ინსტრუმენტს, რომლებიც ხელთ აქვს.

ეს ყველაფერი საერთო უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ პირველ რიგში ადამიანებს ურტყამს, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს.

ამიტომ ჩვენთვის ახლა მთავარია კარგად გავაცნობიეროთ რას ემსახურება ეს ნაბიჯები. იმ მავთულხლართებითაა თუ ღობეებით, რომელთაც რუსეთი ავლებს, იგი ცდილობს საზოგადოებაში შექმნას დაძაბულობა და ერთგვარი სასოწარკვეთის განცდა. სწორედ აქ უნდა ვუპასუხოთ სიმტკიცით, შეუპოვრობითა და იმ ადამიანების დახმარებითა და გვერდში დგომით, რომლებიც ამ დარტყმას პირველები იღებენ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები