საზოგადოება

ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ

23.08.19 12:10


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ყურძნის კრეფა, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. კახეთის დანარჩენი მუნიციპალიტეტები რთველის პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.

ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

„წლიდან წლამდე რთველის მასშტაბი იზრდება. შარშან რეკორდული მოსავალი გვქონდა და წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით.

პარალელურად, გაზრდილია როგორც საორგანიზაციო კუთხით გამოწვევები, ასევე სამინისტროს გამოცდილება და შესაძლებლობებიც.

გასულ წელს რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანიზებულად იბარებდა ყურძენს. ველოდებით, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი ოპერატორი, კომპანია ჩაერთვება რთველში. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრია ერთიანად ვითარდება, ასევე იზრდება ღვინის ექსპორტიც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველმა წარმატებით ჩაიაროს და ისევე როგოც წინა წლებში, არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფისა და მოსავლის აღრიცხვიანობის კუთხითაა ჩართული. საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები