ეკონომიკა

ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის საკონტეინერო გემი იმოძრავებს

23.08.19 14:50


ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის საკონტეინერო გემი ინიშნება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მონაწილეობა მიიღო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრაში.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი იფუნქციონირებს.

მხარეები პროექტის ტექნიკური და კომერციული ასპექტების შემაჯამებელ ვარიანტზე შეჯერდნენ, რომლის საფუძველზე შემუშავდა ახალი საზღვაო-საკონტეინერო ხაზის ბათუმი-კონსტანცა-ბათუმის ტარიფები. გარდა ამისა, საქართველოს გავლით, კერძოდ, რკინიგზით ევროპა-ჩინეთი-ევროპის და ევროპა-ცენტრალური აზია-ევროპის სატრანზიტო ტვირთები გადაიზიდება.

ახალი საკონტეინერო მარშრუტის მეშვეობით საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით.

აზიას ევროპასთან საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფანი დააკავშირებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზი ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის დროს შეამცირებს. ტვირთს ერთი მიმართულებით ხუთ დღეში გადაიტანენ.

გეგმის თანახმად, საკონტეინერო გემები რეისებს ათ დღეში ერთხელ შეასრულებენ.

ჩინეთმა 2013 წელს განაცხადა ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის „ერთი გზა – ერთი სარტყელი" შესახებ, რომელიც ევრაზიის ქვეყნებთან ინფრასტრუქტურის შექმნისა და კავშირების დამყარებისკენ არის მიმართული. სტრატეგია განვითარების ორ მიმართულებას მოიცავს – აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელსა და აბრეშუმის საზღვაო გზას.

საუბარია სავაჭრო დერეფნის შექმნაზე შეღავათიან პირობებში საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში.

აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი–დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო განშტოება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები