ეკონომიკა

შეიხი ნაჰიანი აჭარის საინვესტიო პოტენციალს გაეცნო

02.08.16 15:30


საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხს, ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანსა და მის თანმხლებ პირებს გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერებინა, სადაც მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორია 314 ჰა მიწის ნაკვეთზე მდებარეობს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს პოტენციურ ინვესტორებთან,, რომ მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განვითარება საუკეთესო შესაძლო კონცეფციის შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ეკონომიკის ზრდას, ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

როგორც ნაჰიანმა აღნიშნა, ცალსახაა პროგრესი ტურიზმის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების თვალსაზრისით, რის გამოც საქართველო უაღრესად მიმზიდველია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის.

„ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. გვჯერა საქართველოს მომავალი კეთილდღეობის, ასევე გვჯერა დიდებული ქართველი ხალხისა და მათი ქვეყნის შესაძლებლობების. პირადად ჩემი რამდენიმე მეგობარი დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები როგორც საგანმანათლებლო, ისე უძრავი ქონების მიმართულებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ წვლილის შეტანას ზოგადად საქართველოს და, კონკრეტულად, ბათუმის ეკონომიკურ განვითარებაში, ვინაიდან გვაქვს მთავრობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა მდიდარი ტრადიციებით, კულტურითა და ღირებულებებით, ასევე მეგობრული, გულღია და კეთილგანწყობილი ადამიანებით. მინდა საქართველოსა და ქართველ ხალხს წარმატება ვუსურვო“ — განაცხადა შეიხმა ნაჰიანმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები