საზოგადოება

ნადირობის სეზონი: ათ დღეში უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

03.09.19 16:40


საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ათი დღის განმავლობაში უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს დაიწყო და 2020 წლის 29 თებერვალს დასრულდება.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 30 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით 88 სამართალდამრღვევმა ინადირა", – აღნინულია განცხადებაში.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები