საზოგადოება

ილია მეორე უნგრეთის პრეზიდენტს: მადლობას მოგახსენებთ იმ ყურადღებისთვის, რასაც სოფლის მეურნეობას აქცევთ, ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენ განვითარებაში

06.09.19 13:00


კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი საპატრიარქოში მიიღო.

მან სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია. მითხრეს, რომ დღეს არის თქვენი მეუღლის დაბადების დღე. გულითადად ვულოცავ მას.

ჩვენ დიდებულად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას. 2020 წელი გამოაცხადეთ ოჯახის ფასეულობის წლად.

​საქართველოს ეკლესია უძველესი ეკლესიაა. ჩვენთან ქრისტიანობა პირველ საუკუნეში მოციქულებმა იქადაგეს, მეოთხე საუკუნეში კი უკვე სახელმწიფო რელიგია გახდა.

​ჩვენ გვაქვს კავშირი მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან. ჩვენთან სტუმრად იყვნენ რომის პაპები – იოანე პავლე მეორე და პაპა ფრანცისკი.

ასე რომ, თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ ყურადღებისთვის, რასაც აქცევთ სოფლის მეურნეობას. ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენ განვითარებაში. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ უჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გისურვებთ დიდ წარმატებას, ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

უნგრეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიწვევისა და მიღებისთვის. იანოშ ადერმა პატრიარქთან ვიზიტამდე ეროვნული მუზეუმი მოინახულა. მისი თქმით, ყურადღება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმმა მიიქცია და მან პატრიარქს კითხვა დაუსვა, თუ რამხელა დანაკარგი განიცადა ეკლესიამ საბჭოთა ოკუპაციის დროს.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ ეს იყო მძიმე პერიოდი ეკლესიისთვის.

„იმედი მაქვს, ოკუპაცია დასრულდება და დაუბრუნდება ტერიტორიები საქართველოს. 70 წლის განმავლობაში მრავალი სასულიერო პირი იყო რეპრესირებული. მათ შორის, პატრიარქიც. მრავალი ტაძარი და მონასტერი იყო განადგურებული, მაგრამ ჩვენ ახალი ტაძრები ავაშენეთ და მადლობა უფალს, უფალი გვაძლევს ძალას, რომ განვვითარდეთ და განვავითაროთ ეკლესია-მონასტრები“, – აღნიშნა პატრიარქმა.

მან უნგრეთის პრეზიდენტის მეუღლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მის მიერ დაწერილი „ავე მარია“ მოასმენინა სტუმრებს.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები