პოლიტიკა

ცესკომ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა

02.08.16 19:25


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.

საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებები ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.

”საინიციატივო ჯგუფის განცხადება ცესკოში 13 მაისს შემოვიდა. მათ მიერ მოთხოვნილი იყო სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაში გატარება. კანონმდებლობა ითვალისწინებს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხის ფორმულირების დაზუსტებას. 12 ივნისს სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ დაზუსტებული იყო აღნიშნული საკითხი - მათ მიერ კითხვის ფორმულირება დარჩა უცვლელი. ამის შემდეგ საკითხი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რეგისტრაციაში გატარდა. შემდგომში, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილებულ იქნა - 23 652 და დარჩა 200 348 ნამდვილი ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ანა მიქელაძემ.

როგორც ცნობილია, ქორწინების ცნება, როგორც ”ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი” დიდი ხანია განსაზღვრულია ”საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” (მუხლი 1 106). ამასთან, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის ერთი ნაწილი, მათ შორის მმართველი პარტია ”ქართული ოცნება” ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრის ინიციატივით გამოდის, რაც პრეზიდენტისათვის გადაგზავნილ სარეფენდუმო შეკითხვაში არ ჩანს. ”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაში, ხომ არ გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია იმ საკითხზე უნდა გამოხატონ, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისედაც განსაზღვრულია, ანა მიქელაძემ განმარტა, რომ თავდაპირველად ცესკოში წარდგენილი იყო სარეფენდუმო საკითხი, ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე, მაგრამ ის ცესკომ იმ მიზეზით არ დაარეგისტრირა, რომ რეფენედუმის კანონის მისაღებად ან გასაუქმებად ჩატარება, კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

”რეფერენდუმის შესახებ” კანონი განსაზღვრავს, რომ რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად არ შეიძლება და აქ საუბარი არ არის კანონის მიღებაზე ან გაუქმებაზე. როცა ცესკოში სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირების დაზუსტება ხდება, პროცესი არის შემდეგი: ჩვენ ვიწვევთ მხარეებს, ცესკო მათ ეუბნება, რომ მათ მიერ შეთავაზებული კითხვა არის ”ესა და ეს” და არიან თუ არა თანახმა, რომ კითხვა დარჩეს, თუ უნდათ მასში ცვლილებების შეტანა ანუ ჩვენ კი არ ვცვლით და ჩვენ კი არ ვაზუსტებთ შეკითხვას, არამედ საინციატივო ჯგუფს ეძლევა შესაძლებლობა, წარმოდგენილი საკითხი, კითხვის ფორმულირების დაზუსტებული დროს, შეცვალოს ან იგივე დატოვოს. რეფერენდუმთან დაკავშირებით ცესკოს პრეროგატივა არის ის, რომ დაადგინოს ის, რაზეც შეიძლება ჩატარდეს ან არ ჩატარდეს რეფერენდუმი და საკითხი იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ამ შემთხვევაში, ცესკომ საკითხის ფორმულირება განიხილა პრინციპის დონეზე და ის კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ცესკოში წარდგენილი იყო სარეფენდუმო საკითხი, ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე, მაგრამ ის ცესკომ იმ მიზეზით არ დაარეგისტრირა, რომ რეფენედუმის კანონის მისაღებად ან გასაუქმებად ჩატარება, კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ვინაიდან სიტყვა ”კონსტიტუცია” ამოღებული იყო და კითხვის ფორმულირება შეიცვალა, შემდგომში საკითხი რეგისტრაციაში გატარდა.

ახლა დასკვნა პრეზიდენტს აქვს და მისი გადასაწყვეტია, თუ რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხზე”, - განაცხადა მიქელაძემ.

კანონმდელობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები