პოლიტიკა

ლაშა დარსალია ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა

10.09.19 11:15


ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოში იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან მარსელ კაპისთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან.

ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ უკანონო მოვლენებს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის“ ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგების ფაქტებზე. ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.

საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები შეფასდა როგორც დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯი, რაც ხელს უწყობს ვითარების დესტაბილიზაციას.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და უკანონო დაკავებებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობას.

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე. ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ.

ქართულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მნიშვნელობას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები