საზოგადოება

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი პირველად გაიმართება

10.09.19 17:00


თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი თეთრიწყაროში 15 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფორუმი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.

ორგანიზატორები პარკის ტერიტორიას რამდენიმე სივრცედ დაყოფენ, რომლებშიც გაიმართება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მომზადებული პრეზენტაციები.

თითოეულ კუთხეში სტუმრები ტურისტული პოტენციალის კუთხით საქართველოს ცალკეულ რეგიონზე შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ.

„ფორუმის მონაწილეები იმ პროექტებზე ისაუბრებენ, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში განხორციელდა.

თითოეული მუნიციპალიტეტი სტუმრებს ხალხური რეწვის იმ ნიმუშებს წარუდგენს, რომლითაც მათი კუთხეა ცნობილი. ღონისძიებას ეწვევიან ოსტატები, რომლებიც სპეციალურ მასტერ-კლასებს ჩაატარებენ და სტუმრებს კონკრეტულ საქმეს შეასწავლიან. მაგალითად, შეიძლება შეასწავლონ ხალიჩის ქსოვა“, - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი გაიხსნება პროექტით „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიების მსვლელობისას თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

ფორუმის პროგრამით ასევე გათვალისწინებულია სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები, შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები. ფორუმი ქართველი მომღერლის გიორგი სუხიტაშვილის კონცერტით დასრულდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები