პოლიტიკა

"რუსეთი ცდილობს, კონფლიქტებით უკრაინასა და საქართველოს ხელი შეუშალოს ნატო-სა თუ ევროკავშირში გაწევრიანებაში" - რასმუსენი

11.09.19 10:30


რუსეთი ცდილობს, კონფლიქტებით უკრაინასა და საქართველოს ხელი შეუშალოს ნატო-სა თუ ევროკავშირში გაწევრიანებაში, რადგან პუტინმა იცის, რომ არ ვისურვებდით ამ პრობლემის ნატო-ში შემოტანას, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რასმუსენი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან შეერთების კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს, თუმცა საუბრობს იმ გზებზე, რომელიც არსებულ მოცემულობაში ყველაზე მეტად არის ხელსაყრელი.

„ვფიქრობ, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა. პუტინმა იცის, რომ ნატო ამ პრობლემის საკუთარ ორგანიზაციაში შემოტანას მოერიდება, ამიტომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოსთვის ის, რომ გადაწყვიტოს, რამდენად მისაღებია მისთვის ნატო-ში გაწევრიანება ისე, რომ მეხუთე მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არ ვრცელდებოდეს.

შესაძლოა, ეს არაერთგვაროვანი საკითხია, ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ამის გაკეთება. შემდეგ კი, მივიდეს ნატო-სთან და უთხრას, რომ მზადაა მსგავსი განვითარებისთვის. შემდეგ ჯერი ნატო-ზეა, დაიწყება ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. როდესაც პროცესებისთვის ბიძგის მიცემაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, დღის ბოლოს ეს მაინც მთავარი თემა ხდება. საქართველომ წევრობისთვის თითქმის ყველა პირობა შეასრულა; ყოველ წელს იგი ერთვება ნატო-ს ეროვნულ სწავლებებში, უკვე მეთერთმეტედ და სწორედ ამ პროგრამებში ჩანს, რომ მიღწეულ იქნა წევრობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა, მაგრამ არსებობს ერთი პოლიტიკური საკითხი და ესაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი. მე ვხედავ რისკებს და ამიტომაც ვამბობ, რომ ეს საქართველომ თავისით უნდა გადაწყვიტოს, ღირს თუ არა ამის გაკეთება“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა აქვე გერმანიის შემთხვევა გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი იყო.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ ასეთი პრეცედენტი ნატო-ს ისტორიაში გვინახავს გერმანიის სახით. გერმანია ნატო-ს 1955 წელს შეუერთდა აღმოსავლეთ გერმანიის გარეშე, რომელიც დე-ფაქტო ოკუპაციაში იყო რუსეთის მიერ, როდესაც გერმანია გაერთიანდა, მეხუთე მუხლი უკვე აღმოსავლეთ გერმანიაზე გავრცელდა, შესაბამისად, არსებობს იმის მაგალითი, რომ შეუერთდე ნატო-ს შენი ქვეყნის რაღაც ნაწილის გარეშე, რომელიც შეიძლება მოგვიანებით შემოუერთდეს მას“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი და დანიის ყოფილი პრემიერი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე რუსეთის საპასუხო ნაბიჯებზე აღნიშნავს, რომ კრემლს არ აქვს უფლება საქარველოს უკარნახოს, თუ ვინ აქციოს საკუთარ პარტნიორად და როგორი იყოს მისი საგარეო კურსი.

„კრემლის გადასაწყვეტი არაა, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო ნატო-ს. ვფიქრობ, არსებობს ძირითადი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ყველა ვიღებთ პირობას, რომ ევროპის თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია, აირჩიოს თავისი მოკავშირე, ეს ეხება საქართველოსაც. ამიტომ ეს ნატო-სა და საქართველოს გადასაწყვეტია, გახდება თუ არა იგი ალიანსის წევრი. ნატო-სთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მეხუთე მუხლი იყოს დამაჯერებელი.

იგი ამბობს, რომ თუ ნატო-ს წევრს თავს დაესხა სხვა სახელმწიფო, ნატო მას დაეხმარება და იმოქმედებს, ეს ეხება საქართველოსაც. საფუძვლიანად უნდა განვიხილოთ საკითხი და უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ საქართველოს შესაძლო გაწევრიანების შემთხვევაში, ჩვენ მეხუთე მუხლის მიმართ დამაჯერებლობას შევინარჩუნებთ. ვიცით, რომ რუსეთი ცდილობს, ამ კონფლიქტებით მეზობლებს, უკრაინასა და საქართველოს ხელი შეუშალოს ნატო-სა თუ ევროკავშირში გაწევრიანებაში, რადგან პუტინმა იცის, რომ ჩვენ არ ვისურვებდით ამ პრობლემის ნატო-ში შემოტანას. ამიტომ, საუკეთესო გზა რუსეთის შესაკავებლად ამ პროცესში არის ის, რომ ვაჩვენოთ ძალიან ნათელი დეტერმინაცია, რომ მივიწევთ წინ და ევროპა ერთიანია“, -აღნიშნა რასმუსენმა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთი მხოლოდ ძალის ენაზე საუბრობს, შესაბამისად, ევროპამ და აშშ-მა მას ერთიანობა უნდა აჩვენონ. რაც შეეხება ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, რასმუსენი მთავრობას მოუწოდებს რეფორმირება გააგრძელოს.

„მჯერა, საუკეთესო გზა მიახვედრო პუტინს, რომ კონსტრუქციული დიალოგი არაპროდუქტიულ კონფრონტაციაზე უმჯობესია, ისაა, რომ შექმნა მყარი საფუძველი და ერთიანობა ევროპასა და აშშ-ს შორის. ნებისმიერ დათმობას კრემლი განიხილავს როგორც სისუსტეს, რომლითაც ექსპლუატაცია შეეძლება. ჩემი სურვილია, დავინახო უფრო მეტად კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. მჯერა, ვიზიარებთ ბევრ საერთო ინტერესს, თუმცა ამის საუკეთესო გზა იქნება ის, რომ გავაგრძელოთ მყარი საფუძველის შექმნა, სანქციების გამკაცრება, იმ იმედის ქონა, რომ პუტინი ერთხელაც გააცნობიერებს, რომ მას უფრო კონსტრუქციული მიდგომა სჭირდება. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ის პოლიტიკური ერთობაა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა. ჩემი გზავნილი ქართული ხელისუფლების მიმართ იქნება – დარჩეს არსებულ კურსზე, განავითაროს დემოკრატია, ებრძოლოს კორუფციას, გააჩინოს სამართლიანობის გარანტიები, სიტყვის თავისუფლება თუ უმცირესობების უფლებები, ყველა ეს ელემენტი მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნას ინდივიდუალური თავისუფლება. ამიტომ, საუკეთესო რამ, რასაც ქართული ხელისუფლება გააკეთებდა ისაა, რომ ეს ძირითადი პრინციპები დაიცვას“, – აღნიშნა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები