საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება

12.09.19 11:45


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველმა სამხედროებმა ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ამასთან, ტელეხიდით ჩართვისას ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ თითოეული მათგანის მეგობარი იქნება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდეს და მათ კიდევ უფრო უკეთეს გარემოში შეძლონ ემსახურონ სამშობლოს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთშიც ესტუმრება და მათ საქმიანობას ადგილზე პირადად გაეცნობა.

თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქართველი მშვიდობისმყოფელების წვლილზე და პარტნიორების მხრიდან მათ დადებით შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება.

სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც მიესალმა და თავდაცვის მინისტრს სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზე, ხოლო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებულნი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები