პოლიტიკა

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ახალციხეში გაიმართა

16.09.19 13:40


საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას დღეს ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

დისკუსია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა, რომელმაც შეკრებილებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზანი, შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო.

კონსტიტუციური კანონის პროექტების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღო. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს შეახსენა, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც კარგად მუშაობს სრულად მაჟორიტარული, ან შერეული თუ პროპორციული სისტემები, თუმცა, მტკიცება იმისა, რომ ამ საარჩევნო სისტემებიდან რომელიმე მოდელი პანაცეაა, სწორი არ იქნება. მისი შეფასებით, თითოეული მოდელი მაშინაა ეფექტური, თუ ის ქვეყნის საჭიროებებსა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების კუთხით არსებულ კონტექსტს არის მორგებული.

არჩილ თალაკვაძემ განხილვაზე დამსწრეებს განუმარტა, თუ რატომ მივიდა მმართველი გუნდი შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლის გადაწყვეტილებამდე.

„ ცხოვრებამ მოგვცა გაკვეთილები, სადაც აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლება, ვისაც აქვს მანდატების მაღალი რაოდენობა, საქმიანობას კრიზისით ამთავრებს. ასე მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, ასე მოხდა უფრო ადრეც. ჩვენ ეს გაკვეთილები გავითვალისწინეთ და ამიტომ, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არცერთ პარტიას არ მიანიჭებდა მანდატების ძალიან მაღალ რაოდენობას.

შანსი იმისა, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პროპორციული არჩევნების მოდელით პრაქტიკულად არ რჩება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდის მოსაზრებით, უფრო დაბალანსებული და წარმომადგენლობითი პარლამენტი მეტად ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს - უფრო დემოკრატიულს გახდის.

„როგორც „ქართული ოცნების" წარმომადგენელი და პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნება" საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, გადავერთოთ მომავალზე და საზოგადოებას ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ. ვიცით, სად ვიყავით, რა გამოვიარეთ. ამას შეფასება ხალხმა წინა რამდენიმე არჩევნებში მისცა. ვიცით, სად ვიმყოფებით დღეს. ვხედავთ, რომ დღეს გვაქვს რეალური შანსი, რათა საქართველომ შეცვალოს თავისი პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკა არ იყოს მხოლოდ უწყვეტი დაპირისპირების რეჟიმი. გთავაზობთ ისეთ პოლიტიკურ სისტემას, სადაც შეიძლება, ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ საკითხებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგეს და ასევე შეიძლება, რომ საკამათო პოზიციები დარჩეს სექტორულ საკითხებზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ დააზუსტა ის არგუმენტებიც, რის გამო მიიღო მმართველმა გუნდმა, ერთი წლის წინ, პროპორციული არჩევნების 2024 წელს ჩატარების გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესითა და ბარიერით ჩატარება ვერ უზრუნველყოფდა მიზანს - პარლამენტი გახდეს მეტად წარმომადგენლობითი.

„ამიტომ, მოგვყავდა არგუმენტები, რომ 2024 წელს სჯობდა შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა და ასევე, მიგვაჩნდა, რომ ცვლილებები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ - შეიცვალოს პარტიების დაფინანსების სისტემა, მედიაში დროის განაწილების წესები, კამპანიის ჩატარების წესები და საარჩევნო პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი, ვფიქრობდით, რომ ამ პირობებში, პარტიებს 3-4 წელი უნდა ჰქონოდათ, რათა მომზადებულიყვნენ პროპორციული არჩევნებისთვის 5 %-იანი ბარიერით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა, როგორც დემოკრატიულმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, საზოგადოების მოთხოვნისა და ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გათვალისწინების შედეგად მიიღო. არჩილ თალაკვაძემ განმარტა ნულოვანი ბარიერის არსი და მნიშვნელობაც.

„იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც აქვთ იდეოლოგია, აქვთ პროგრამა, ჰყავთ ლიდერები და შეუძლიათ ხალხთან მისვლა და დარწმუნება, რომ მათი პოლიტიკური ძალა არის უკეთესი, შეეძლებათ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მიიღონ წარმომადგენლობა. თუ ახლა ჩავატარებთ არჩევნებს 5%-იანი ბარიერით, დიდი ალბათობით, პარლამენტში ისევ იქნება ორი ან სამი პარტია და ისევ გაგრძელდება ის დაპირისპირება, რაც ქართულ პოლიტიკაში არსებობს. ამიტომ გთავაზობთ, რომ 2020 წლის არჩევნები ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩავატაროთ, ავწონოთ ყველა პოლიტიკური პარტიის რეალური მხარდაჭერა, აჩვენონ მათ საზოგადოებას, ვის შეუძლია მართვა, რომ მხარდაჭერის მობილიზაცია გააკეთონ, შევიდნენ პარლამენტში, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მათ მიეცემათ დაფინანსება, მიეცემათ წვდომა მედიაში, საპარლამენტო ტრიბუნა და შესაბამისად, ოთხი წელი ექნებათ რომ მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბლოკების გაუქმების გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება და ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ბლოკების მექანიზმი, წლების განმავლობაში, მანიპულაციისა და რესურსების უსამართლოდ მიღების საშუალება იყო.

„რეალური პოლიტიკური პარტია ფურცელზე ფორმდებოდა სხვა სუბიექტებთან ერთად, როგორც ბლოკი. სინამდვილეში, ის სუბიექტები არ იყვნენ რეალური პარტიები, იყვნენ უბრალოდ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ დარეგისტრირებული პარტია და ასეთი დარეგისტრირებული პარტია საქართველოში არის 400-ზე მეტი. ამ 400-იდან მხოლოდ 15 ან 20 პარტიაა, ვისი სახელებიც ხალხმა იცის. ეს არის ბლოკების კულტურა ამ ქვეყანაში და ამ ბლოკებში გაწევრიანებული პარტიები იღებენ

დაფინანსებას თქვენი გადასახადებიდან, იღებენ კვოტებს კომისიებში, აქვთ რესურსებზე წვდომა და სინამდვილეში ისინი არ არიან პარტიები. ამიტომ, ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ მოდით, თანაბარ პირობებში, ცარიელ მოედანზე გამოვიდეთ სათამაშოდ. რეალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ვნახოთ ვის რა მხარდაჭერა გვაქვს, როგორც პარტიებს და არა როგორც ფიქტიურ ბლოკებს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას, კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და იმ კითხვებს უპასუხა, რაც შესაძლოა, მოქალაქეებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ გაუჩნდეთ. არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა მმართველი გუნდის პოზიციაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიულ სიებში აუცილებლად იქნებიან გათვალისწინებული რეგიონული ლიდერები.

„ მაჟორიტარული მანდატები უპირატესობას გვაძლევდა ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას.

მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობა მოგებული აქვს „ქართულ ოცნებას" და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებშიც, შერეული სისტემა რომ დარჩენილიყო, კიდევ ბევრ მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებდით. ეს არის ჩვენი ბუნებრივი უპირატესობა დღეს და პარლამენტშიც ამიტომ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ მზად ვართ, უარი ვთქვათ ამ ბუნებრივ უპირატესობაზე. მზად ვართ, არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს და ყველამ მიიღოს პარლამენტში იმდენი მანდატი და ადგილი, რამდენი ხმაც რეალურად მოიპოვა. „ქართული ოცნების" ხედვა ასეთია, რომ ჩვენს სიებში აუცილებლად იქნებიან ის ადამიანები, ვინც საკუთარ რეგიონში თავის საქმეს ეფექტურად, ვისაც აქვს რეალური მხარდაჭერა და ვისაც ესმის, ადგილზე რა პრობლემებია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, ის პოლიტიკური პარტია, ვინც პარტიული სიების შედგენისას რეგიონებს არ გაითვალისწინებს, წარუმატებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების" სიით, დეპუტატის მანდატებს ბევრი რეგიონული ლიდერი მიიღებს.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავსა და რუსთავში უკვე გაიმართა.​




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები