პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯია

18.09.19 10:30


საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, რომელიც ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგა. პროექტის პირველი ფაზა დაფინანსებულია USAID-ის მიერ (USAID, Washington DC) 700 000 დოლარის ოდენობით. პროექტი Global Healing-თან და St. Jude Children’s Research Hospital-თან ერთად ხორციელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის დაწყებას მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯი უწოდა.პრეზიდენტმა ამ მიმართულებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგია დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ძალიან მძიმეა, როცა ოჯახები იძულებულები ხდებიან საზღვარგარეთ მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება. ,,ცენტრის მშენებლობა ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე უკვე დაწყებულია. ჯო ენის სამედიცინო ცენტრში, რომელიც 20 წლის წინ შეიქმნა და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, კარდიოლოგიის მიმართულებით უკვე მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა. ცენტრი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სწორედ მისი უნიკალურობის გამო შეირჩა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული უდიდესი დახმარებისათვის და პროექტის პარტნიორებს ორგანიზაციებს: Global Healing-ს და St. Jude Children’s Research Hospital-ს. ,,დღეს საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ პროექტი არ იქნება კომერციული ხასიათის, ეს არამომგებიანი პროექტია და ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, დონორებისა და კერძო ბიზნესის მობილიზება და სადაზღვევო კომპანიებთან უფრო მოქნილი თანამშრომლობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის განცხადებით, როცა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსების პროექტს საქართველოს პრეზიდენტი უწევს პატრონაჟს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის, ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია. ,,ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ზრუნავდეს მათზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მორალური მხარდაჭერის გარდა, პროექტს მისი სახელობის კერძო ფონდში სპონსორებიდან მოზიდული თანხებითაც დაეხმარება. ,,ეს ფონდი, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბერში გაიმართება, იქნება ერთგვარი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩემი კონტაქტებით მოვიზიდოთ კერძო სპონსორები და დაფინანსება ამ მიმართულებით. ეს პროექტი იქნება პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ამ ფონდისათვის.ჩემი ვიზიტების დროს ყოველთვის წამოვწევ ამ საკითხს და ყველა კონტაქტებს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ამ ცენტრისთვის და ამ პროექტისთვის, არა მხოლოდ ფინანსური დახმარება.

მომავალ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში შეხვედრები მექნება ამერიკულ ფონდებთან, რომ ვნახოთ საიდან შეიძლება იყოს მოზიდული დამატებითი სახსრები, ასევე ინსტიტუციური დახმარება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები