პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი განიხილეს

18.09.19 13:00


საქართველოსა და საფრანგეთს არაერთ სფეროში ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ და ვიმედოვნებ, თქვენი მისიის განმავლობაში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ასევე - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე,მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატების განხორციელების პროცესში.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს მიზნად.

საუბრისას აღინიშნა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, განაგრძოს მუშაობა, რათა დაცული იყოს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

საფრანგეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები