საზოგადოება

FAO-მ ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა

18.09.19 14:20


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა.

ღონისძიებას ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი და სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნული ატაშე, ჯორჯ დეჰუ დაესწრო.

FAO-ს ექსპერტმა, ალან პინედამ სიმინდის წარმოებაში სოფლის მეურნეობის კონსერვაციული მეთოდების გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა და მონაწილეებს სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიწის დამუშავების ისეთი მეთოდები აჩვენა, რომლებიც პროდუქტიულობის ზრდისკენ არის მიმართული და, ამავდროულად, ამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და სასათბურე გაზების ემისიას. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სიმინდის, ტკბილი სიმინდისა და ბადრიჯნის სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომლებიც საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და კლიმატგონივრული სოფლი მეურნეობის მეთოდების გათვალისწინებით FAO-ს ექსპერტებმა მასპინძელ ფერმერებთან ერთად მოაწყვეს. FAO-ს ექსპერტებმა და ფერმერებმა სტუმრებს ნაკვეთების მოწყობისას მიღებული გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. საუბარი შეეხო მიწის დამუშავების, ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამებს.

კალიფორნიიდან მოწვეულმა აგრონომმა, კარლ ბანონმა, მცენარეთა მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის (IPM) იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მავნებლებთან საბრძოლველად იყენებენ. მსჯელობა შეეხო იმ მავნებელს, რომელიც უკანასკნელ ხანებში, კახეთში სიმინდის ნარგავებს გაუჩნდა. ბანონმა, მათთან საბრძოლველად მწერების საჭერი ხაფანგებიც წარმოადგინა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი საველე ვიზიტისას მოწმე გავხდი საკმაოდ შთამბეჭდავი და პრაქტიკული შედეგებისა, რომლებსაც FAO-მ და ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიაღწიეს. ეს თანამშრომლობა უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს და ხელს უწყობს ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.

თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად ხდება ქართველი ფერმერებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზისა და ცოდნის გაზიარება.

ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას, რათა საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ჯორჯ დეჰუმ.

ფერმერთა საველე დღეები, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ტარდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში.

FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

გარდა ამისა, მიმდინარეობს კარტოფილის, ბადრიჯნის, ხორბლის, სიმინდის, კიტრისა და ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას მხარს უჭერს ENPARD პროგრამის მეშვეობით. სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით, ENPARD-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე ფოკუსი სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე კეთდება (რაც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს მოიცავს). ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.enpard.ge





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები