პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა

19.09.19 11:00


საქართველოს პარლამენტის წევრი, „საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს - კლოდ კერნს და ტიტუს კორლატეანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის მთავარი საკითხები საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო, საარჩევნო, და მართლმსაჯულების რეფორმები იყო.

საუბარი, ასევე, შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესსა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს.

მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმა და ახალი რეგლამენტი, რომელიც საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

„ვისაუბრეთ საარჩევნო თემატიკაზე, ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, ასევე, საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შედის. საუბარი გვქონდა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. დავპირდით ჩვენს კოლეგებს, რომ უახლოეს დღეებში საპარლამენტო განხილვა დაიწყება. ასევე, გვქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით და აქაც, პირობა მივეცით ჩვენს კოლეგებს, რომ შესაბამისი პროცედურა პარლამენტში მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ზოგად ასპექტებზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები