პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი - პატივისცემას გამოვხატავ NDI-ის და IRI-ის მიმართ, თუმცა, მათი ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს

19.09.19 13:20


კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს პატივისცემას ისეთი ინსტიტუტების მიმართ როგორებიცაა NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციები. თუმცა, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა, რომ მათი ქართველი პარტნიორები, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ რთულია პროცენტულ მაჩვენებლებში შესვლა, თუმცა, შეფასებებს ასეთი სახით სრულად არ ეთანხმება.

მაია ცქიტიშვილი ხაზს უსვამს, რომ არის საკითხები, რომლებიც NDI-ის კვლევებში იყო და ეს ეხება იმ პირველი რიგის პრობლემებს, რომელიც ხელისუფლებისთვისაც კარგადაა ცნობილი, ესენია: დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობა, ზოგადად მოსახლეობის შემოსავლები და ა.შ.

„ეს არის პრობლემები, რომელსაც საქართველოს მთავრობა თავად აყენებს.

იცით, რომ სიღარიბე არის ჩვენი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები არის ჩვენი ძირითადი გამოწვევები და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ისინი გადავლახოთ. არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული, ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნაც ხელისუფლების და მთავრობის მიმართ იზრდება და პირველ რიგში, ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად აკონტროლებდეს და თხოვდეს ხელისუფლებას“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უფრო კონკრეტულად, რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს, 32 %-ის შეფასებით - „კარგად“, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 6%-მა დააფიქსირა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები