ეკონომიკა

დასახელდა 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები

20.09.19 10:30


2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სოციალურ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პენსიების ზრდაზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მიერ უკვე გამოცხადებული გეგმების თანახმად, 2020 წლის 1 იანვრიდან პენსია 20 ლარით უნდა გაიზარდოს, შემდეგ კი პენსიების გამოანგარიშება ინფლაციის დონის გათვალისწინებით მოხდება.

პრემიერი: საპენსიო რეფორმის გარეშე სოციალურის დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა პენსიების ინდექსაციას ეხება.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარდა სოციალური პროგრამებისა, ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება ორიენტირებული.

„2020 წლის ბიუჯეტის მთავარი სტატუსი არის – გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები; ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური ხარჯები და პროგრამები, განსაკუთრებით კრიტიკულად აუცილებელი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ეს ორი კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტად ვაგრძნობინოთ თითოეული მოქალაქეს და ოჯახს ეკონომიკური ზრდის სიკეთე და დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გაზიფიკაციის პროგრამას და მთის კურორტების განვითარებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში სამინისტრო კიდევ ერთხელ განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დეტალებს და თვის ბოლოს ის წარედგინება პარლამენტს.

სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა შეაფასა.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს უნდა წარედგინოს 1 ოქტომბერს, რის შემდეგაც დაიწყება მისი გადასინჯვა და განხილვა. 2020 წლის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება ხელს შეუწყობს დავალიანების უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებას და პოლიტიკის ზომების ადეკვატური პაკეტის გატარებას.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები