პოლიტიკა

არის რამდენიმე ადამიანი, მათ შორის უმრავლესობაში, ვისაც კადრებით აშანტაჟებენ – ბესელია

24.09.19 13:30


ეკა ბესელია “მთავარ არხთან“ საუბრისას მიანიშნებს, რომ უმრავლესობაში არიან პირები, ვისაც სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ. ბესელია ყვება, რომ ამ პირებს შორის, არიან კაცებიც. ამის შესახებ ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში 23 სექტემბერს, ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.

“ეს უკანონო ჩანაწერი, რაც გავრცელდა, ნამდვილად არის ჩაწერილი წინა ხელისუფლების დროს. თუმცა, რაც ახლა გავრცელდა – არის მონტაჟი. წინა ხელისუფლების დროს ამის გავრცელება ვერავინ გაბედა. მე ვიცოდი, რომ ეს არსებობდა – არც მაშინ შემშინებია და არც დღეს. და კიდევ რის გამოც გადავწყვიტე, რომ ამ ღია ბრძოლაში შევსულიყავი, არის ის, რომ ვიცი რამდენიმე ადამიანი ვისაც ამით აშანტაჟებენ… ვინ არიან – მე ვერ გეტყვით ამას, მაგრამ არიან. მათ შორის, უმრავლესობის წევრებიც, მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი. თვითონ უთქვამთ.. მე ვიცი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მე მინდა, რომ [შანტაჟის] მოჯადოებული წრე გაირღვეს,“ – ამბობს ბესელია.

ბესელია აცხადებს, რომ ის ბძროლის გაგრძელებას აპირებს.

“მინდა გითხრათ შემაჯამებლად, რომ არც ამ საქმის მიტოვებას ვაპირებ შუა გზაზე. დეტალებს ვერ მომიყვებიან [პირები, ვისაც აშანტაჟებენ], მაგრამ რომ არსებობს რაღაც, რის გამოც ამ ადამიანებს… მე მგონია, რომ ეს იყო გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი … ყველა ქალი არ არის, კაციც არის,“ – ამბობს ის. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, ეს კადრები ჩაწერილია 2012 წლამდე, თუ მას შემდეგ.

ხელისუფლების წარმომადგენლები “სისულელესა” და “ჭორაობას” უწოდებენ ეკა ბესელიას აღნიშნულ განცხადებას. ბესელიას ყოფილი თანაგუნდელი სოფო კილაძე ამბობს, რომ თუ ბესელიას ინფორმაცია აქვს ვინმეს შანტაჟის შესახებ, არ უნდა დამალოს და მიაწოდოს პროკურატურას.

კილაძისვე თქმით, თუ ბესელიას ეს ინფორმაცია არ აქვს და ამას პოლიტიკური მიზნით აცხადებს, “ეს არის ჭორაობა”.

ბესელიას კიდევ ერთ ყოფილი თანაგუნდელი გია ვოლსკი ამბობს, რომ ბესელია “პოლიტიკურ ველზე დასარჩენად იბრძვის”.

“სისულელეს ლაპარაკობს ეკა ბესელია. პირველი, რომ სისულელეა და მეორეც, საიდან, რომელი ასპექტიდან შეიძლება, ეს თემა კომპეტენტურად იყოს ნათქვამი ეკა ბესელიას მიერ. მან ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის ეს უნამუსობა, ძალიან კარგად იცის, ვინ აკეთებდა ამას. შემაძრწუნებელია, როცა ადამიანი ასეთ ნაბიჯზე მიდის და ასეთ განცხადებებს აკეთებს”, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები