საზოგადოება

ბინა 1 ლარად: თბილისში 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

25.09.19 16:30


დედაქალაქის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ გელა ჭედიას, ომარ ხიზანიშვილის, დადიანის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ავჭალაში, წყნეთის გზატკეცილზე და ენგურჰესის ქუჩაზე მცხოვრებ 11 ოჯახს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით, ქონების მართვის სააგენტომ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია.

კალაძის განცხადებით, მერიას აქვს 65 ოჯახის სია, რომლებიც სწორედ ამ მისამართზე მიიღებენ ბინებს. კონკრეტული დაზარალებული ოჯახების შერჩევა სოციალური ქულების საფუძველზე მოხდა. კომპანია მათ ჯამში 4400 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემს.

როგორც გასულ წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.

თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 2018 წელს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 445 ოჯახს გადაეცა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები