საზოგადოება

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას

26.09.19 16:00


ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო სლოგანით Follow the Journey Of Georgian Characters 16-20 ოქტომბრის პერიოდში წარდგება.

წელს ქართული პავილიონის ორგანიზატორები არიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, მწერალთა სახლი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით 20-მდე ლიტერატურული და საქმიანი ღონისძიება.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე კონცეფციით Georgia Made by Characters საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.

აღნიშნული სტატუსის მიღების შესახებ წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ოფიციალური შეთანხმება კი 2014 წელს გაფორმდა.

საქართველოს ბაზრობაზე განსაკუთრებული პავილიონი ჰქონდა, რომელიც ქართული ანბანით იყო გაფორმებული. ის აერთიანებდა ქართული ხელოვნების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდებს, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდებს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიება დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათას წიგნს წარმოადგენს.

პირველ სამ დღეს ღონისძიებას საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებიან, ხოლო მომდევნო ორ დღეს ის ყველასთვის ღიაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები