საზოგადოება

ლევან დავითაშვილი ევროკავშირის საჯარო ფორუმს „საუბრები კლიმატზე" დაესწრო

27.09.19 15:00


კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის საჯარო ფორუმი „საუბრები კლიმატზე" გაიმართა.

ღონისძიება კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და საზოგადოების მობილიზებას ისახავდა მიზნად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო პარიზის შეთანხმებისა და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მონაწილეა და ამ კონვენციით განსაზღვრულ ვალდებულებებს ეტაპობრივად ახორციელებს.

„2015 წელს, დავაფიქსირეთ ჩვენი ვალდებულებები ემისიების შემცირების მიმართულებით; გვაქვს განახლებული გეგმა ეროვნულ დონეზე შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. განახლებული გეგმა ამბიციურია; კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხში საქართველომ თავისი განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები უკვე რეალობაა; ჩვენ უკვე არაერთი სტიქიის მომსწრენი გავხდით. გეგმები, რომელიც მთავრობას ამ მიმართულებით გააჩნია, უმნიშვნელოვანესია, მათ შორისაა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ტყის მდგრადი მართვა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც, სადაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებში მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართვის საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ვენსან რეის განცხადებით, კლიმატის ცვლილება არის სწორედ ის საკითხი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.

„ნიუ-იორკში გამართულ სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა იმსჯელეს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ ადამიანებს, როგორც ქალაქების მასშტაბით, ასევე სოფლად. ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ ზომები გამონაბოლქვის შემცირებისთვის, ვეცადოთ, გამოვიყენოთ უფრო ენერგოეფექტური სისტემები და სხვა. ევროკავშირი ცდილობს მსგავს ინიციატივებს დაუჭიროს მხარი. ამ პროცესში ჩართულები არიან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები. ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან ერთად", - განაცხადა ვენსან რეიმ.

სტუდენტებმა, თავის მხრივ, აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პრეზენტაციები წარადგინეს იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების სტილი კლიმატის ცვლილებაზე და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოების ყოველდღიური ქმედებები კლიმატის სასიკეთოდ გაძლიერდეს.

ღონისძიების დასასრულს, ერთობლივი აქცია - „ვიმოქმედოთ შედეგების შესამსუბუქებლად“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ყველა მონაწილემ, კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო ცხოვრების წესის კონკრეტული ქმედებით შეცვლის კუთხით.

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესწრებოდნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები