საზოგადოება

კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა

02.10.19 10:15


ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.

ხელოვანი უკანასკნელ პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში იყო გადაყვანილი.

გია ყანჩელმა 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

გია ყანჩელს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის(1962); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1985); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვ.

გია ყანჩელის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ საქართველოს პირველი არხის პროექტში „საინტერესო ადამიანები“ შედგა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები