ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის კვლევა – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

02.10.19 16:40


მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით საქართველო კიდევ უფრო დაწინაურდა და ისტორიულად საუკეთესო შედეგი აჩვენა. კვლევის შესახებ ვრცელ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

კვლევა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს 6 ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.

– საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 100%-იანი სკალიდან 76.4% მიიღო, ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა. აღნიშნული სარეიტინგო პოზიცია საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია. რეიტინგში საქართველო უფრო წინაა, ვიდრე ევროკავშირის წევრი 14 სახელმწიფო − ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება;

– ისტორიულად საუკეთესო შედეგი აქვს საქართველოს ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამ ინდიკატორში საქართველომ რანგირების 100%-იანი სკალიდან 74.04% დაიმსახურა და უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ევროკავშირი წევრმა 6 ქვეყანამ, ესენია: უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი;

– კიდევ ერთი საუკეთესო შედეგი საქართველომ “რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში მიიღო, სადაც ფასდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისათვის განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობა.

რანგირების 100%-იანი სკალიდან ქვეყანამ 83.17% მიიღო. საქართველო ლიდერია რეგიონში და მსოფლო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია მე-19 პოზიციაზე;

– წინსვლა დაფიქსირდა კანონის უზენაესობის ინდიკატორშიც, რომელიც მთავრობის მოქმედებების კანონთან შესაბამისობას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას განსაზღვრავს. რანგირების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 63.94% მიიღო. ამ მონაცემით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის 5 და ნატო-ს წევრ 8 სახელმწიფოს. კანონის უზენაესობის რეიტინგის მხრივ საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.

საქართველო ბალტიის ქვეყნების შემდეგ ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მსოფლიო ბანკის კვლევა − მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) − წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა − ჯამში 33 გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას (მათ შორის: Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ.). აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო ფასდება.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები