პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

07.10.19 16:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, სოფელ ჩორჩანას და გუგუტიანთკარის მიმართულებით, ასევე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავება, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და უხეშად არღვევს ადამიანთა უფლებებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში EUMM-ის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა EUMM-ის, როგორც ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე დაძაბულობის შემცირებასა და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები