პოლიტიკა

"მჯერა, რომ საქართველოში ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო"

08.10.19 10:30


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორაციით, სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის სახელმწიფო დელეგაციას, უძველესი ქართული კულტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"ორი საუკუნის წინ საქართველოში გაჩენილი გერმანული დასახლებები ჩვენი - განსხვავებული კულტურებისა და, ამავე დროს, საერთო ღირებულებების მატარებელი ხალხების მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.

გერმანული სოფლების არქიტექტურა კულტურათა სინთეზის უნიკალური მაგალითია, სადაც ფახვერკის არქიტექტურას ერწყმის ქართული ხის აივნები, გერმანულ ტრადიციულ სამზარეულოს - ქართული ვაზის კულტურა.

დღეს ყოველივე ეს ჩვენი კულტურული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია.

ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი: გერმანიაში განსწავლულმა დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი შედევრით - "დიონისოს ღიმილით" უპასუხა თომას მანის ნაწარმოებს "სიკვდილი ვენეციაში". ჩვენ ვამაყობთ გრიგოლ რობაქიძის, გივი მარგველაშვილის, ნინო ხარატიშვილის შემოქმედებით. ვამაყობთ, რომ გვყავდა არტურ ლაისტი, რომელიც ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საბჭოთა წლებში ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ქართული სცენა ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრის" გარეშე, რომელიც მაშინ ქართველი ერის თავისუფლების მანიფესტი იყო. საქართველოს ჰყავდა დიდი გულშემატკივარი კარლ კაუცკის სახით.იგი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის - ნოე ჟორდანიას ახლო მეგობარი. კაუცკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ამის ნიშანი იყო ისიც, რომ მან და მისმა მეუღლემ საქართველოს თავდაცვის ფონდს ძვირფასეულობა შესწირეს. საქართველოს მეგობრები იყვნენ გერმანელი არქიტექტორები. მათ შორის იყო არქიტექტორი სრეტერი, რომლის პროექტითაც აშენდა თბილისის ოპერის თეატრის შესანიშნავი შენობა. სწორედ ამ შენობაში დაიბადა ქართული ოპერა. სამწუხაროა, რომ დღემდე ჩვენი ოპერა საოპერო მუსიკის მოყვარულთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის რჩება ცნობილი.

ვიმედოვნებ, რომ იგი გერმანიის ოპერის სცენებზე უთუოდ დაიდგმება.

ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიის, რომელმაც, საქართველოსთვის ურთულეს წლებში, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მისცა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. მათი დიდი ნაწილი შეჭირვებული ოჯახებიდან იყო. გერმანიის ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაწყებული საგანმანათლებლო კავშირების ღირსეული გაგრძელება გახლდათ. დღეს ამ კუთხით თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვის წინ მე ქართველი ხალხის მადლიერების ნიშნად ძალიან მაღალი ჯილდო - "ოქროს საწმისის" ორდენი გადავეცი საქართველოს გერმანელ მეგობარს, ბატონ იორგ ალექსანდერ ჰენლეს.

ბატონი ჰენლე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ჩვენი კულტურის ქომაგი იყო. 90-იან წლებში, როცა აქ ცხოვრება ძალიან გაჭირდა და არავის ეცალა კულტურისთვის, ის და მისი ფონდი ყველაფერს აკეთებდა სწორედ ქართული კულტურის გადარჩენისა და ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის. გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო, და ეს გახლდათ უდიდესი აღიარება, მხარდაჭერა და საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის ცნობადობის გასაზრდელად. რამდენიმე დღის წინ გერმანიის გაერთიანების დღე აღინიშნა. მე მჯერა, რომ საქართველოში ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო. მჯერა, რომ ქართველებიც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებას. ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს. გისურვებთ დიდ წარმატებებს!

გთავაზობთ ქართველი და გერმანელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელოს!", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები