პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

04.08.16 18:35


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში შეხვედრაზე, რეგიონში სტაბილურობის მიზნით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე ისაუბრეს, იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) პრეს-სამსახური.

საქართველო და აზერბაიჯანი უსაფრთხოების სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ.

2015 წლის ნოემბერში სუს-ის თანამშრომლები აზერბაიჯანელ კოლეგებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გადაბირებული პირის დაკავებაში დაეხმარნენ.

ვახტანგ გომელაური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის უფროსს მადათ გულიევს. მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

სუს-ი 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ის გამოეყო შსს-ს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას სახელმწიფოს უსაფრთხოება, საკონსტიტუციო წყობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან და სხვა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 3151


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები