პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

09.10.19 15:30


არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ოფიციალური ვიზიტით, მონტენეგროში შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ივან ბრაიოვიჩთან გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ორმხრივ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, საქართველოსა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება. არჩილ თალაკვაძემ და ივან ბრაიოვიჩმა ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი გააცნო და აღნიშნა, რომ პარლამენტის როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყანაში სტაბილურობისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში წარმატებების მისაღწევად.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროცესში მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. ივან ბრაიოვიჩმა არჩილ თალაკვაძეს მონტენეგროს მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ინტენსიურ გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

არჩილ თალაკვაძემ კოლეგას მიღებისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და მონტენეგროს შორის პარტნიორული ურთიერთობები მეტ სტიმულს მისცემს საპარლამენტო ურთიერთობებს.

არჩილ თალაკვაძემ მადლიერება გამოხატა მონტენეგროს შეიარაღებული ძალებისადმი, მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში აქტიური მონაწილეობისათვის. „ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, რაც საერთო საფუძვლად უნდა დაედოს ხალხთა შორის ურთიერთობებს.

მადლიერებას გამოვხატავთ მონტენეგროს შეიარაღებული ძალებისადმი მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში აქტიური მონაწილეობისათვის, რომელიც საქართველოში ნატოს ეგიდით ჩატარდა. აღნიშნული წვრთნები მიზნად ისახავს ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის ზრდას და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას. მონტენეგროს გაწევრიანება ნატო-ში არის ძლიერი სიგნალი, რომ საქართველოსაც შეუძლია და საქათველოც გახდება ნატო-ს წევრი.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იცავენ რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, მებრძოლი პარტიზანების მემორიალი მოინახულა და გვირგვინით შეამკო. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ ხუბულური, ედიშერ თოლორაია, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ნაცვლიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები